მთავარი ციტატა

“დიალოგს, მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესში, არ აქვს ალტერნატივა”

„მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რაც ბოლო დღეებში აფხაზეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და გარკვეულ გზავნილებს უკავშირდება, კერძოდ, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე. ჩვენი პოლიტიკისთვის ეს სიახლე არ არის, არაერთხელ გახლავთ გაცხადებული. მეტიც, ჩვენ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არაერთ ნაბიჯს ვდგამთ, რათა დიალოგი, კონტაქტები გაფართოვდეს. თუკი იქნება ამის მზაობა, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რადგან, რა თქმა უნდა, დიალოგს, მოლაპარაკებებს სამშვიდობო პროცესში, არ აქვს ალტერნატივა“

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

ასე პასუხობს ციხელაშვილი, ბოლო პერიოდში, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე გაკეთებულ გზავნილებს. 

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ე.წ. პარლამენტის გავლენიანი წევრმა სერგეი შამბამ, რამდენიმე დღის წინ, თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე გააკეთა განცხადება.

თბილისთან ურთიერთობაზე ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ თავმჯდომარემაც. ალხას კვიცინიას თქმით, “თბილისთან ისეთი იქნება ურთიერთობა, როგორი დამოკიდებულებაც თბილისს ექნება ჩვენთან”.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ასლან ბჟანიას განცხადებით კი, “ერთმანეთს კარგად უნდა მოვუსმინოთ, სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი საჭიროა”.

 

 

იტვირთბა....