ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შამბა თბილისთან დიალოგის დაწყების საჭიროებაზე საუბრობს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ მინისტრი, ე.წ. პარლამენტის გავლენიანი წევრი სერგეი შამბა თბილისთან დიალოგის საჭიროებაზე საუბრობს.

შესაბამისი განცხადება შამბამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში გააკეთა.

“საჭიროა დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დალაგდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ამის მომხრე ვარ იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს ასეთი კონფრონტაცია, როგორიც დღესაა”, – აცხადებს შამბა.

შეკითხვაზე, როგორ ხედავს დაილოგის პერსპექტივას, შამბა პასუხობს:

“უნდა დავსხდეთ და და დავიწყოთ საუბარი სხვადასხვა ფორმით”.

მისი თქმით, დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის პირისპირ უნდა წარიმართოს.

“ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა”, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ შამბა თბილისთან დიალოგის აუცილებლობაზე რამდენიმე წლის წინაც საუბრობდა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო.

“ვითარების დასტაბილურების მიზნით”, დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.

პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.

 

იტვირთბა....