საბერძნეთში, 24 წლის ქართველი ქალი, რომელიც ჩვილის მიტოვების ბრალდებით დააკავეს და მას სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობას ედავებიან, დახმარებას ითხოვს.
დაკავებულს მუხლის შეცვლა და საკუთარ შვილთან შეხვედრა სურს. მომხდარს კი, პოსტ-სამშობიარო აფექტით ხსნის.
ახალგაზრდა ქალის წერილს, რომელიც საპატიმროდან გამოგზავნა, ბერძნული მედია აქვეყნებს. ჩვილის დედა, ბავშვის მიტოვების საბაბად უსახსრობას და მძიმე ემოციურ სტრესს ასახელებს, თუმცა წერილში ასევე ითხოვს, რომ მას შვილი არ ჩამოართვან.
შეგახსენებთ, რომ ბერძნული მედიის ცნობით, 18 დეკემბერს, 24 წლის ქართველმა ქალმა რამდენიმე დღის ჩვილი ნაგვის ურნაში ჩააგდო. შემთხვევა საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში მოხდა.
ახალშობილი ნაგვის ბუნკერში, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამთენიისას, ნაგვის გადაყრის დროს იპოვა და პოლიციას აცნობა.
სასამართლო სხდომა რამდენიმე დღეში უნდა განახლდეს. პროცესზე ადვოკატი 24 წლის ქართველი ქალის გათავისუფლებას მოითხოვს. ჩვილი ამ დრომდე ათენში ბავშვთა საავადმყოფოში რჩება. მის ჯანმთელობის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება.