თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ე.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის აპრილის დასაწყისში, თბილისში, არასრულწლოვანმა ა.ა.-მ და მისმა მეგობრებმა – მ.ჰ.-მ და ე.ჰ-მ, ძმების – გ.ბ.-ს და ს.ბ.-სგან ერთი დღით ავტომანქანა იქირავეს, რომელიც მეორე დღეს მ.ჰ.-მ ვაშლიჯვარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დააზიანა.
2019 წლის 18 აპრილს, ა.ა-სთან და მის მეგობრებთან შესახვედრად გ.ბ. და ბ.ა. მივიდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდა ი.გ. აღნიშნულ ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ე.მ.-ც მივიდა, რომელიც საუბარში ჩაერია და შელაპარაკება მოუვიდა ი.გ-სთან. აღნიშნულით განაწყენებულმა ე.მ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ი.გ.-ს დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად ი.გ. გარდაიცვალა.
ასევე გასროლის შედეგად გამჭოლმა ტყვიამ გ.შ.-ს კუთვნილი ავტომანქანის უკანა კარი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ე.მ. თბილისში 2019 წლის 19 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სხვისი ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.