ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, სერგო ჩიხლაძე С ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ვადაგასული პრეპარატები შედეგია იმის, რომ პაციენტებს С ჰეპატიტის პროგრამაში ჩასართავად დიაგნოსტიკის საკუთარი სახსრებით დაფინანსება უწევდათ. ამის შესახებ ჩიხლაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
“ეს მილიარდობით დოლარის ღირებულების წამლები ჩვენ ფაქტობრივად მოგვცა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ქართული მხარის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთადერთი მოვალეობა იყო ამ არსებული პაციენტების მოძიება და პროგრამაში ჩართვა, რაც ვერ განხორციელდა და ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. ერთი ის, რომ ყოფილმა მინისტრმა ბატონმა სერგეენკომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სპეციალისტები ვეუბნებოდით, რომ პროგრამაში ჩართვის ბარიერები მოეხსნა, არ მოხსნა. ეს ბარიერები იყო დიაგნოსტიკის თანხები. ანუ, ადამიანი რომ ჩართულიყო, გარკვეული დიაგნოსტიკური პროცედურები უნდა გაევლო და თავიდან ეს იყო ძალიან მაღალი თანხა, 700 ლარამდე ადიოდა. ეს ძალიან დიდი თანხაა, მითუმეტეს, მოწყვლადი მოსახლეობისთვის და, შესაბამისად, ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა და ბევრი არ ჩაერთო ამ ბარიერის გამო,”- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.