საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
ასევე აუდიტის სამსახურის განცხადებით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატს აღრიცხული აქვს იგივე დანიშნულების 121 285 ლარის ღირებულების მედიკამენტი, რომელიც შემდგომი გამოყენებისთვის გამოუსადეგარია.
2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული ანგარიში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას ასახავს.
ვადაგასულ მედიკამენტებს შორისაა C ჰეპატიტის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტები, რომლებსაც საქართველოში უსასყიდლოდ გასცემდნენ. ეს მედიკამენტებია ჰარვონი, სოვალდი, ზეპატიერი და ინტერფერონი.
მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ 2017 წლის ივლისიდან მკვეთრად შემცირდა ბენეფიციართა მიმართვიანობა. ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო სოფოსბუვირი (სოვალდი), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან (ინტერფერონი და რიბავირინი) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − ჰარვონით, რომლის მიხედვით შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები და აღნიშნულმა მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების (სოფოსბუვირი, ინტერფერონი და რიბავირინი) მოხმარება. ასევე, სააგენტოს განმარტებით, არსებობს მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან გარდაცვალების ფაქტები – წერს აუდიტის სამსახური.
აუდიტის ასევე აქვეყნებს ანგარიშშ, თუ რამდენი პაციენტის მკურნალობა იყო დაგეგმილი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში და რამდენმა იმკურნალა.
C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა 123 000 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა მკურნალობა მათმა მხოლოდ 40-მა პროცენტმა დაასრულა.