სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში მომიტინგეები შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.
ბოლო ინფორმაციით კი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მათმა მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ბლოკირება განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
ოპოზიციონერი „დეპუტატის“ დიმიტრი დბარის განცხადებით, ვიდრე ხაჯიმბა არ გადადგება, არსად წასვლას არ აპირებენ.
„ახლა მასთან ხუთი კაცის გაგზავნას ვაპირებთ. ჩვენ ბოლომდე ვიდგებით“ – განაცხადა დბარმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.
როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.
“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.
მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.