სოხუმში, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში მომიტინგეები შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.
როგორც აფხაზური მედია წერს, ერთ-ერთი მომიტინგე ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდებს, შენობას ზიანი არ მიაყენონ. მედია ასევე იუწყება, რომ აქციის მონაწილეებსა და შენობის ადმინისტრაციის დაცვის წევრებს შორის ფიზიკური დაპირიპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვენ. ადგილზე არის დაპირისპირებაც და ისინი ელოდებიან ე.წ. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც არჩევნების ბათილად ცნობას ეხება.
როგორც რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი”იტყობინება, აქციის მონაწილეებმა , პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმი დაიწყეს.
“ისინი ცდილობდნენ შეემტვრიათ კარი და შევარდნილიყვნენ შენობაში. ამასთან, მათ კარის გვერდით შეამტვრიეს ფანჯარა და სწორედ იქიდან ცდილობდნენ შენობაში შესვლას. ადგილზე მობილიზებულები არიან ე.წ. სამართალდამცავები და ათასამდე აქციის მონაწილე.
მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახრა ავიძბა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გარი არშბას გადადგომასაც მოითხოვდა.” – ნათქვამია რუსულ მედიაში.