ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები” – “ანაკლიის კონსორციუმის” დირექტორი

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე, “კონსორციუმთან” საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურების დაწყების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ლევან ახვლედიანი ხელისუფლების ბრალდებებს, საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ, უსაფუძვლოს უწოდებს.

“მთავრობამ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით… ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში. შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ მოვიძიეთ ბანკებიდანაც თანხები, ინვესტორებიდანაც… ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები”, – განაცხადა ლევან ახველიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

მინისტრის თქმითვე, “ანაკლიის პორტი ქვეყანას სჭირდება, პროექტის განსახორციელებლად ახალი პარტნიორის ძიებას დავიწყებთ”.

იტვირთბა....