“საპატრიარქოსა და ხელისუფლებაში მოკალათებულ გარკვეულ პირებს არ უნდათ, დეკანოზი ცოცხალი იყოს”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.
სასულიერო პირის უფლებადამცველის თქმით, დეკანოზს ციხის საავადმყოფოში ანტიმკურნალობა უტარდება.
“გიორგი მამალაძე გუშინ მოვინახულე. ის იმყოფება ციხის საავადმყოფოში, თუ მაგას საავადმყოფო ჰქვია. ღუდუშაურიდან ხელ-ფეხწართმეული გადაიყვანეს იქ. ანტიმკურნალობა უტარდება იმიტომ, რომ ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, არათუ თავისუფლებაზე, გარკვეულ პირებს არ უნდათ, რომ დეკანოზი ცოცხალი იყოს. ეს გარკვეული პირები არიან საპატრიარქოსა და ხელისუფლებაში მოკალათებული. მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია. ის, რომ დეკანოზი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეს სახალხო დამცველმაც განაცხადა მისი მონახულების შემდეგ. უკიდურეს მდგომარეობაშია. სიკვდილისთვის იმეტებს საპატრიარქო, პრეზიდენტი და ყველა”, – უთხრა “მეტრონომს” მიხეილ რამიშვილმა.
სასულიერო პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ ომბუდსმენმა მოინახულა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, გიორგი მამალაძემ შიმშილობა დროებით შეწყვიტა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა შორის დეკანოზი მამალაძე ვერ მოხვდა.
მარიამ იმერლიშვილი