საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის დამოუკიდებელად მიღებული.
თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტმა შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით სწორი და სახელმწიფოებრივი აქცენტები გააკეთა.
„კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება . ბევრი საქმე იყო განხილული როგორც ჩანს, მე არ ვიცნობ თვითონ ამ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს შეწყალებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივად ისეთი მასშტაბის, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებში. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რათა საქართველოში შეწყალების პროცესი დაემსგავსოს პრაქტიკას და მექანიზმებს, რომელიც არის აშშ-სა და ევროპაში. დანარჩენი უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მექანიზმებმა, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ელექტრონული პატიმრობა, ეს არის დაწესებულებები, სადაც შაბათ- კვირას პატიმრები ოჯახებში მიდიან,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საშობაო შეწყალება დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეეხო.
საშობაო შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მხოლოდ 5 პატიმარი შეიწყალა.
პრეზიდენტის სრული ბრიფინგი იხილეთ ამ ბმულზე: