ატენის ხეობის გარდა, ხანძრის კიდევ ერთი კერა კასპის მუნიციპალიტეტში, კერძოდ რკონის ხეობაში გაჩნდა. შიდა ქართლში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, ატენის ხეობიდან ძალების ნაწილი რკონის ხეობაში გადაიყვანეს, სადაც ასევე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
რაც შეეხება ატენის ხეობას, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს და ვითარების გართულება მოსალოდნელი აღარ არის.
„სოფელ ორმოცის სიახლოვეს საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში მეორე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველების გარდა, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია თბილისის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის მეხანძრეები. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, მთელი ღამის განმავლობაში ცოცხალი ძალის, ქვეითების ინტენსიურ რეჟიმში მუშაობა. მოგეხსენებათ, რთული რელიეფის გამო ცეცხლის კერებამდე სახანძრო ტექნიკის გადაადგილება ვერ ხერხდება, შესაბამისად, საკმაოდ სერიოზული სამუშაო გასწიეს ქვეითმა მეხანძრეებმა და ხანძრის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება შეძლეს. შემიძლია გითხრათ, რომ ვითარება კეთილსაიმედოა და მდგომარეობის გართულებას ამ ეტაპზე აღარ ველოდებით“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.