საფრანგეთში მოსწავლეები და სტუდენტები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, პროფკავშირებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაერთიანების მოწოდებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით გაფიცვები და დემონსტრაციებია დაგეგმილი.
ორი კვირის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს მთავრობამ განათლების სისტემაში ცვლილებები დააანონსა. კერძოდ, 2027 წლიდან იგეგმება უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ელექტრონული პლატფორმის რეფორმირება, ხოლო 2028 წელს მისი სრულად ჩანაცვლება. ხელისუფლება ასევე დაჰპირდა მოსწავლეებს სასკოლო ინფრასტრუქტურის დაფინანსების გაზრდასა და დამატებითი რესურსის გამოყოფას სოციალურად დაუცველი რაიონების სკოლებისთვის.
მთავრობის შეთავაზებებმა პროტესტის მონაწილეები ვერ დააკმაყოფილა. პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში 9 ნოემბერს გამართული შეხვედრა მოსწავლეთა და სტუდენტური ორგანიზაციების, ასევე განათლების სფეროს პროფკავშირების წარმომადგენელთა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი უკმაყოფილება გამოიწვია შეხვედრაში ულტრამემარჯვენეებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობამ.
სტუდენტური გაერთიანების თანახელმძღვანელმა, ელოიზ ლეფევრ-მილონმა განაცხადა, რომ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ ყველას, ვინც ახალგაზრდებისა და დასაქმებულთა მოთხოვნებს იზიარებს. მოსწავლეთა პროფკავშირული გაერთიანების პრეზიდენტის, რიად რანის განცხადებით, საპროტესტო მოძრაობა არ შეწყდება. მისივე თქმით, მოსწავლეები არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის, არამედ მასწავლებლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვისაც იბრძვიან.
ამასთან, საპროტესტო მოძრაობის პარალელურად, საფრანგეთის რამდენიმე სკოლაში ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა. 9 ნოემბერს პარიზის აღმოსავლეთით, სენა და მარნის დეპარტამენტის ორ სკოლაში პიროტექნიკა გამოიყენეს. ერთ-ერთ სკოლაში ორი მოსწავლე დაშავდა. საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ლე-ავრსა და რუანში სკოლებთან მომხდარი არეულობის შემდეგ პოლიციამ ხუთი ადამიანი დააკავა. პიროტექნიკა გამოიყენეს ასევე ანჟერშიც. ინციდენტები დაფიქსირდა მერტ და მოზელის დეპარტამენტშიც.

