პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა.
მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში.
„ანაკლია მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%, რომელიც დღეს ქართულ პორტებში ვერ შემოდის. ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ათეულობით ათას ადამიანს, როგორც სამეგრელოდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან, და მკვეთრად გაზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ანაკლია ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ქალაქი ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდზე მეტ უცხოურ ინვესტიციას. ეს შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან უკვე მიღწეულია. ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს “ლელო” პარტიად ჩამოალიბდა და მას შეუერთად როგორც “შენების მოძრაობა” ასევე “ახალი მემარჯვენეებიც”.