“არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის უფლება” – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მერია იმოქმედებს, ისე როგორც ქვეყანას და მის ნათელ მომავალს სჭირდება.
„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“ – განაცხადა კალაძემ.
სამოქალაქო აქტივისტები, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტს გამომხატავენ და თბილისის პოლიციის შენობებთან სტიკერებს აკრავენ, წარწერით “ამ ცხოვრების დედაც”.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.