დიდუბეში, წერეთლის 16 ნომერთან მდებარე პოლიციის განყოფილების შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებს და პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
აქტივისტები 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ. ისინი პოლიციის განყოფილების კედლებზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ წარწერით: “ამ ცხოვრების დედაც”. მათ ამის საშუალება პოლიციის წარმომადგენლებმა არ მისცეს.
საბოლოოდ სამართალდამცველებმა აქტივისტებს ნება დართეს, პოლიციის შენობის კედლების ნაცვლად სტიკერები შენობის წინ, ასფალტზე დაეკრათ.
შეგახსენებთ, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დიღმის პოლიციის განყოფილებასთანაც მოხდა.
აქტივისტები აცხადებენ, რომ პროტესტს ქალაქის მასშტაბით გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.
პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.