დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების თემით დაიწყო. თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა.
ამასთან, კალაძის აზრით, ბავშვის გარდაცვალებაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა.
„ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს. უბრალოდ, მინდა, ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით 15 წლის ასაკში, რამხელა ენერგია, ემოციები დუღდა ჩვენში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა ჩვენს ირგვლივ იყო გამოწვევა, ხშირად შეიძლება ითქვას ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი იყო, ბიჭი გარდატეხის ასაკში , რომელიც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს. გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი რატომ? სამწუხაროდ, არ არსებობს თანაგრძნობა, სიყვარულის უნარი დავკარგეთ, მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ, ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება. როცა ბავშვი იღუპება, ამაში დამნაშავე ვართ მთლიანად საზოგადოება, იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და სახელმწიფო ერთნაირადაა პასუხისმგებელი“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.