ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კონგრესმენების წერილი საქართველოს მთავრობისთვის ყვითელი ბარათია” – ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლის, ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილი “ყვითელი ბარათია”.

როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა, დასავლეთისგან ხელისუფლების მისამართით განცხადებები მძაფრდება, რაც ექსპერტის აზრით, შესაძლოა, “წითელ ბარათამდეც” მივიდეს.

“კონგრესმენების წერილს მე განვიხილავდი “ყვითელ ბარათად”. გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თვლიან, რომ საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, ცდილობენ, ცივილური ფორმებით ხელისუფლება გააფრთხილონ კიდევ ერთხელ და დააბრუნონ ადეკვატურობის ჩარჩოებში. მე ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ. ეს არ არის ის მიჯნა, საიდანაც უკვე პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს, მაგრამ მაქსიმალურად ახლოს ვართ უკვე. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად უფროდაუფრო მძაფრი განცხადებები გვესმის დასავლეთიდან. როდის ამოეწურებათ მოთმინება დასავლეთში, თუ ხელისუფლებამ არ დააკორექტირა თავისი პოლიტიკა, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სწრაფად შეიძლება მოხდეს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა “წითელ ბარათსაც” უნდა ველოდოთ, ოღონდ “წითელ ბარათს” არა ქვეყნისთვის, არამედ კონკრეტულ ხელისუფლებისთვის. “წითელ ბარათს” აქვს თავისი სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, ვიცით, რომ შეერთებულ შტატებში ყველაზე ეფექტური მექანიზმი არის სანქციების ინსტიტუტი, რომელიც ტრანსნაციონალურ ხასიათს ატარებს.

ხელისუფლების რეაქციას რომ ვაკვირდები, ისინი შორს არიან ადეკვატურობისგან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ თურმე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია მიდის ვაშინგტონში, რომ ვაშინგტონი ვერ ერკვევა, თუ სად არის ჭეშმარიტება და ეტყობა, აპირებენ ახსნას კონგრესმენებისთვის ჩვენი ხელისუფლების ჭკვიანი ბიჭები, სად არის ნამდვილი ჭეშმარიტება. ასეთ საგიჟეთში არიან, ასე აზროვნებენ. ამ ადამიანებისგან საღი აზრის მოლოდინები მე პირადად არ მაქვს, თუმცა, ვისურვებდი, იქნებ, რაღაც სასწაული მოხდეს და მიხვდნენ, რომ დღეს უკვე პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდნენ და რაღაც პარალელური სამყარო შექმნეს, ილუზიებით იკვებებიან.

მე არ მიმაჩნია, რომ ვექტორის ცვლილება არის დაწყებული ქვეყანაში, თუმცა შანტაჟის კონტექსტი, შესაძლოა, იყოს. დიდი ბოდიში, მაგრამ ამერიკასთან ასე დიდი ქვეყნები ვერ თამაშობენ, მათ შორის, რუსეთი და თუ ზალკალიანს ასე შეუძლია ითამაშოს, კი ბატონო – აჰა, ბურთი და აჰა მოედანი”, – უთხრა “მეტრონომს” გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა, ადამ კინზინგერმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე საქართველოს პრემიერ მინისტრისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამია, რომ კონგრესმენები – კინზინგერი და კონოლი შეშფოთებულნი არიან, რომ საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

„ქართველებს უნდათ ხალხის მთავრობა, ხალხის ნებით და ხალხისთვის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტად არის გათანაბრებული დასავლეთთან და აქვთ მისწრაფება, შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს. სწორედ ამიტომ გამოვიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში, რათა მშვიდობიანად გამოეხატათ მათი შეშფოთება და შემდეგ ისინი მოძალადეებს გადაეყარნენ. მაშინ როდესაც ნებისმიერ მთავრობას აქვს უფლება, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი არეულობის წინააღმდეგ, დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ მოქალაქეების უფლებას, საკუთარი აზრის გამოსახატად გამოიყენონ მშვიდობიანი საშუალებები. სიახლე, რომ ასობით პროტესტანტი, ჟურნალისტი, და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი დაშავდა – და ჰოსპიტალიზებულიც იქნა – გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობით, თავზარდამცემია“, – ნათქვამია წერილში, რომელიც 13 დეკემბრით არის დათარიღებული.

კონგრესმენებს უპასუხა გიორგი გახარიამ. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით,  პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.

“კონგრესმენები გახლავთ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები. ჩვენი მეგობრობის სტრატეგიული პარტნიორებისგან, ყველა სახის კრიტიკაზე რა თქმა უნდა ჩვენი პოზიცია გვაქვს, მაგრამ  ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში და ვერანაირ პრობლემას ჩვენ ვერ ვხდევათ, არსებობს გარკვეული შეკითხვები, არსებობს სამართლებრივი პროცედურები რომლებიც უკვე განვლილია. ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ. ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტია და პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა ჩვენც გვინდოდა, რომ პროპორციული არჩევნები, პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში”, – აცხადებს საქარველოს მთავრობის მეთაური.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

 

 

იტვირთბა....