“დიალოგი დიალოგისთვის” – ასე აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “მეტრონომთან” საუბრისას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრების სამ რაუნდს.
ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დიალოგში მონაწილეობა შედეგზე ორიენტირებული არ არის და რეალურად “ქართული ოცნება” დასავლელ დიპლომატებს “თვალებში ნაცარს” აყრის. ექსპერტის შეფასებითვე, ოპოზიცია შექმნილ ვითარებაში, “ხავსს ეჭიდება” და ამასთანვე, დასავლეთის თვალში, “დიალოგზე წამსვლელი” მხარის იმიჯის შექმნას ცდილობს.
ხათუნა ლაგაზიძე ფიქრობს, რომ სანამ “დიალოგი დიალოგისთვის” იმართება, ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში არჩევნებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი, აღნიშნულზე ნაკლებად კონცენტრირდება, რაც ექსპერტის თქმით, არჩევნების შედეგებზე “ცუდად აისახება”.
“ხელისუფლება ცდილობს, დასავლეთს დაანახოს, რომ ისინი დიალოგზე მიდიან. ამ შეხვედრებს სხვა მიზანი არ აქვს. ეს აზრი მას შემდეგ განმიმტკიცდა, რაც მამუკა მდინარაძემ მოუწოდა სრულიად ცინიკურად საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაგვიჭირეთ მხარი, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, რომ 2024-მდეც ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში, დღეს არსებული სისტემით ჩატარდეს არჩევნები. ეს არის სრული ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან და მასხრად აგდება ოპოზიციური სპექტრის. თავისთავად, ეს მოწმობს იმას, რომ დიალოგები თუ შეხვედრები ცვლილებებთან დაკავშირებით, არის თვალებში ნაცრის შეყრა დასავლეთისთვის, თორემ ოპოზიციას ამის ღირსადაც კი არ ჩათვლიდნენ, რომ დიალოგი დიალოგისთვის გაემართათ. ეს ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად არის მიდრეკილი დასავლეთთან დიალოგისკენ ყველა წინა ხელისუფლებებთან შედარებით. თეა წულუკიანმა დასავლელი დიპლომატების შეფასებისას, ფაქტობრივად, კარისკენ მიუთითა და განაცხადა, რომ არავის სჭირდება თქვენი რეკომენდაციები საარჩევნო სისტემასთან და მოსამართლეებთან დაკავშირებითო. თუმცა, ზედაპირულ კონტაქტებს ინარჩუნებენ და ამის დასტურია თვალებში ნაცრის შეყრა, რომელსაც დიალოგი დიალოგისთვის რეჟიმი ჰქვია. ოპოზიციასთან დამოკიდებულება გამოჩნდა სწორედ მდინარაძის ბოლო ბრიფინგზე.
ამასთანვე, ძალიან კარგად აითვისა ხელისუფლებამ ოპოზიციის პროტესტის მინავლების ტაქტიკა – აითვისა, როგორ ჩააცხროს ოპოზიციის გამოსვლები. ოპოზიციაც იმიტომ მიდის დიალოგზე, რომ ჯერ ერთი – წყალწაღებული ხავსს ეჭიდება- ამბავია და მეორე – ოპოზიციასაც სურს, რომ დასავლეთის თვალში არა რადიკალური ოპოზიციის, არამედ დიალოგზე წამსვლელი ოპოზიციის იმიჯი ჰქონდეს. სხვა გზა რა აქვს ოპოზიციას? ქუჩის აქციების მეშვეობით, ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ რეალური შედეგის მიღწევა მოხდეს. რჩება ეს დიალოგის ფორმატი, რომელსაც როგორც გითხარით, ოპოზიციის მხრიდანაც ორი მიზანი აქვს. ერთი რომ – ვაიდა, რაღაც გამოდნეს აქედან დასავლეთის ზეწოლის ფონზე და მეორე – ის, რომ დღეს ოპოზიცია მაქსიმალურად უფრთხის რადიკალური ოპოზიიციის იმიჯს.
ხელისუფლება პარალელურად არჩევნებისთვის ემზადება. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია, დროის გაყვანის გამო, ნაკლებად კონცენტრირდება უშუალოდ არჩევნებისთვის მზადებაზე და ვერ ახერხებს დიფერენცირებას საკუთარი ნაბიჯების. ამ ერთ საკითხზე არის კონცენტრირებული და ყველა სხვა საკითხი, მათ შორის, არჩევნებისთვის მზადება, საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმების მოძიება, რჩება მიღმა, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, აისახება შედეგზე და აისახება ცუდად”, – უთხრა “მეტრონომს” ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ჩააგდო. აღნიშნულს საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, ქუჩის აქციები და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირება მოჰყვა. ელჩების ინიციატივით გამართული შეხვედრის სამივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. რა შეთავაზებები ექნებათ პოლიტიკოსებს დიალოგის მორიგ რაუნდზე, ჯერჯერობით უცნობია.
მარიამ იმერლიშვილი