ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციოდ განვითარებისთვის საჯარო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართა. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხო გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრას თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრნენ.

“გლდანის პატარა ტბის გარშემო მოეწყობა დასასვენებელი პარკი. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი ტბა და გვინდა, რომ ამ ტბის გარშემო განვავითაროთ რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება დასასვენებელი და გასართობი ადგილები. ის იქნება მიმზიდველი ყველა თაობის ადამიანისთვის და დააკმაყოფილებს ყველა ინტერესის მქონე ადამიანს”, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

საჯარო კონსულტაციას უძღვებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამოქალაქო პლატფორმის წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.

დედაქალაქში ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარების და პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის საბჭოს დახმარებით, თბილისის მერიამ საპილოტე პროექტი დაიწყო. დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები შედიან. პროექტის ფარგლებში, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

იტვირთბა....