საქართველოს პრემიერ მინისტრი, ჯართან დაკავშირებით, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარის სიძლიერეზე გაამახვილა ყურაღება და აღნიშნა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა ყოველდღიურად იზრდება.
„დღეს ქართულმა არმიამ, ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას და ანახა, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა, მისი ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს, როგორც ფაქტი სახეზე გვაქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში როდესაც ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათაშორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. ახლა არ ვიცი ბოლო მონაცემები, დასრულდა თუ არა ეს ოპერაცია. იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი და ჩვენ, სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად ჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, – უთხრა გახარიამ მედიას.
შეგახსენებთ, გუშინ, 10 დეკემბერს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება.
აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე დღეს კომენტარი თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიღებელია.
ზურაბიშვილის განცხადებაზე დამატებითი განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.