“ევრონესტის ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციაში იმ ჩანაწერის შეტანას, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ და აღნიშნა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარები მთლიან ევროპარლამენტთან არ უნდა გავაიგივოთ.
ეს განცხადება სოფიო კილაძემ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ევრონესტის ასამბლეამ არ დაუჭირა მხარი ამ ჩანაწერის შეტანას რეზოლუციაში, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტპატიმრები. ამიტომ ძალიან ცუდია, როდესაც ცალკეული ადამიანების აზრის წარმოჩენა საზოგადოებისთვის ხდება, როგორც ევროპარლამენტის ერთიანი პოზიცია.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ძალიან დიდი რეფორმა გვაქვს ჩატარებული და არავისთვის უცხო არ არის, რომ ამ დაწესებულებებში საგრძნობლად არის გაუმჯობესებული ადამიანის უფლებების მიმართულება. არაფორმალური ჯგუფების გავლენების ცალკეული შემთხვევები თუ არის, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ასე ზოგადად საუბარი სწორად არ მიმაჩნია და ამით შორს ვერ წავალთ. ჩვენთან ასე კონკრეტულ შემთხვევებს ნამდვილად ვერ გავიხსენებდი. თუმცა არც ისე შორეულ წარსულში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის ადამიანები გვყავდა და ამ პრობლემის გადალახვას შესაბამისი დრო სჭირდება“, – განაცხადა კილაძემ.