“ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ქუთაისში ოპოზიციის მიმდინარე აქცია შეაფასა და განაცხადა, რომ ბაბუამისის ქელეხში უფრო მეტი ადამიანი იყო ვიდრე აქციაზე.
„ქართული ოცნების“ წევრები ოფისთან იყვნენ შეკრებილები და ოპოზიციონერი ლიდერებისა და მათი მხარდამჭერების მსვლელობას აკვირდებოდნენ.
კითხვაზე, რატომ არიან „ოცნების“ აქტივისტები მობილიზებულები, მათ ჟურნალისტებს უპასუხეს, რომ „საკუთარ ოჯახში“ არიან და „პარადს“ იბარებენ.
„როცა არ უნდა მოხვიდეთ, თითქმის სულ ოფისში ვართ. ყველანარად ვემიჯნებით ძალადობას. დღეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, უბრალოდ, გამოვედით, ვაკვირდებოდით რამდენი იქნებოდნენ, დაგვაინტერესა. აქ ქუთაისელი იქნებოდა ალბათ 20-30 ადამიანი, მეტი – არა. დანარჩენი ჰყავთ რეგიონებიდან ჩამოყვანილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია-მსვლელობა ასევე იმართება ბათუმშიც.
აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოერია, გიგი უგულავა და რომან გოცირიძე.
აქციაზე მცირე ინცინდენტსაც ჰქონდა ადგილი, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან კვერცხები ესროლეს. ასევე უშუალოდ აქციის დროს მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.
ფოტო: ლევან ხაბეიშვილი