„ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის მოადგილის, კონსტანტინე სახვაძის განცხადებით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაშავებულისთვის თვალის დაკარგვის საფრთხე არ არსებობს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კლინიკაში აქციიდან სამი პირი შეიყვანეს.
„პირველ პაციენტს გაეწია საჭირო დახმარება. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ერთ პაციენტს გაეწია სათანადო დახმარება და გაეწერა, მესამე პაციენტს დაზიანება აქვს თვალისა და თვალბუდის არეში. თვალის დაკარგვის საშიშროება არ არის. ამჟამად იმყოფება კლინიკაში და სათანადო კვლევები უტარდება. მას აღენიშნება თვალბუდის ფსკერის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, რომელზეც შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაცია, ასევე არ არის საჭირო მხედველობაზე ოპერაციის ჩატარება. პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა კონსტანტინე სახვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით სულ დაკავებულია 28 ადამიანი.