“უახლოეს დღეებში, საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ”, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც “ქართულმა ოცნებამ” პლებისციტთან დაკავშირებით მისი შეთავაზება არ გაიზიარა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პროცესები ნორმალურ კალაპოტში არ გადავიდა და რაც რამდენიმე დღეში გამოჩნდება, საკუთარ ადგილს უმრავლესობაში ვერ დაინახავს.
“ჩემი გადაწყვეტილება რაც იყო, რჩება ძალაში. დაპირისპირებისა და პოლარიზაციის პოლიტიკაში ჩემი ადგილი არ არის. დღეს უმრავლესობამ და ჩვენმა გუნდმა არ გაიზიარა ის შეთავაზება, რაც მე მქონდა, სამწუხაროა, რომ რეალურად ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება. რაც შეეხება მომავალს, ვხედავ, რომ გარკვეული რესურსი დარჩენილია პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის, რაც გამოჩნდება უახლოეს დღეებში, წინააღმდეგ შემთხვევაში – ჩემი გადაწყვეტილებაც გითხარიც… არანაირი გარანტია არავისგან არ მიმიღია”, – უთხრა ზოიძემ ჟურნალისტებს და დასძინა: “გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ”.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ მმართველ პოლიტიკურ პარტიას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა და აქვე განაცხადა, რომ თუკი შეთავაზება არ იქნებოდა მიღებული, პარლამენტს და პოლიტიკას დატოვებდა.
“ქართული ცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ “თემა დახურულია – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება”.