ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საიდან ჰქონდა ოკუპირებულ რეჟიმს დეტალური ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ?

ცხინვალის რეჟიმი ექიმს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოსა და მისი დასავლელი “კურატორების” მხრიდან სამხრეთ ოსეთზე ზეწოლის მცდელობას პერსპექტივა არ აქვს.

ეგრეთ წოდებულმა „კა-გე-ბემ” ვაჟა გაფრინდაშვილის სატელეფონო საუბრების აუდიო ჩანაწერების, მისი გადაადგილებისა და საბანკო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

საოკუპაციო რეჟიმის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი, რა დროს, სად იმყოფებოდა და ვის ელაპარაკებოდა ტელეფონით ქართველი ექიმი.

ამავე განცხადებაში წერია, რომ დაკავების დღეს, 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში, რესტორან “ვენდისთან” თავის კოლეგას ირაკლი კარტოზიას შეხვდა..

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას.

„საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება,“ – აცხადებენ სუს-ში.

„საერთაშორისო საზოგადოება – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური არ გამორიცხავს, რომ ქართველი მხარე აწვდიდეს რუსებს ინფორმაციას.„თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ სულ მცირე ჩვენი სპესამსახურები არ არიან ეფექტურები, როცა საქმე ეხება რუსული სპეცსამსახურების მოქმდებებს ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი უბრალოდ აწვდიან რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას. რა თქმა უნდა ეს აღმაშფოთებელია და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს პასუხი“, – აცხადებს გიგაური.

შეგახსენებთ, რომ “მეტრონომმა” გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი განცხადება.

იტვირთბა....