ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს ამ სისტემით”

მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება. მისი თქმით, პარლამენტის  გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება.

“სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს. ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება. არ ვიცი, რამდენად არის დარჩენილი პოლიტიკური რესურსი, მაგრამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!” – წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.

რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.

თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.

კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება. 

იტვირთბა....