“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი ემზარ კვიციანი მისი ძმისშვილის, ბექა კვიციანის დაკავების ამბავს ეხმაურება. როგორც დეპუტატი “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, მან ძმისშვილი პოლიციას თავად ჩააბარა. კვიციანი აცხადებს, რომ ბრალდებულის მდგომარეობა ბოლო დროს არაადეკვატური იყო. მისივე ინფორმაციით, ბექა კვიციანი ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარს.
“ჩაბარდა ჩემი ძმისშვილი. მე მივეხმარე ჩაბარებაში. აზრზე არ არის რა მოხდა, ქუჩაში ვიპოვე. ქალაქში დავდიოდი და ვიპოვე. ბოლო დროს არაადეკვატური იყო. სააკაძის ძეგლთან ვიპოვე. არაფერს ჰყვება, იცინის. ისიც არ იცის ვინ არის გარდაცვლილი. არ ახსოვს არაფერი. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ მაგას ჩასვამენ და უმკურნალებენ. ახალგაზრდები ამ ბოლო დროს ხომ მწყობრიდან არიან გამოსულები. ეს უბედურება, რომელიც ჩემს ოჯახს ეწვია, ყველა ოჯახს ეწვევა, თუ ერთად არ დავდექით და თუ არ შევაწყვეტინეთ ამ წამლის გაყიდვა ქვეყანაში. როგორც ასეთი ნარკოდამოკიდებული არ არის, ნემსებს არ იკეთებს, მაგრამ ტაბლეტებს რომ სვამენ, იმას მოიხმარს. პრაქტიკულად მაღალჩინოსანს ჩავაბარე. ეს უბედურება რაც აგვეკიდა ოჯახს, მივხედავთ, აბა რას ვიზამთ. ცხოვრებაში ერთმანეთზე მაღალი ხმა არ აქვთ ამოღებული, ბავშვებიდან ერთად იყვნენ. გაოგნებულია მთელი ოჯახი, უბანი, თვითონ დაზარალებულის ოჯახიც, საცოდავები, ამისთანა კაი ბიჭი დაკარგეს, სამი შვილის მამა, ისეთი კარგი პიროვნება”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით დადგინა, რომ 37 წლის კაცი დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარი და ახლობელი იყო. თავად დეპუტატმა მაშინ განაცხადა, რომ მის ძმიშვილსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება 2 მუხლით აქვს დაწყებული. ბექა კვიციანი პოლიციამ გუშინ დააკავა.
წყარო: formulanews