ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილის დარწმუნებას შევეცდები, რომ მზად არ ვართ მაჟორიტარულის გასაუქმებლად” – ხუნდაძე

პოლიტიკური სპექტრი არ არის მზად მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად და პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა.

ის ირწმუნება, რომ მაჟორიტარული სისტემა ქვეყანის სტაბილურობის გარანტია.

“ეს არ არის გუშინდელი გადაწყვეტილება, მე ამ სისტემას ყოველთვის ეჭვქვეშ ვაყენებდი და ორჯერ კომპრომისი გავწიე იმის გამო, რომ ეს იყო პირობადადებული, როცა არც ერთი და არც მეორე პირობა არ შესრულდა,” – უთხრა ხუნდაძემ მედიას “ქართული ოცნების” ოფისში შესვლამდე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, უმრავლესობის წევრები საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დილიდან მსჯელობენ.

ხუნდაძე ამბობს, რომ  ივანიშვილის დარწმუნებას შეეცდება.

“მე არ ვაპირებ ბატონ ბიძინასთან დაპირისპირებას. მასთან მაქვს დიდი ხნის ნაცნობობა, ვიდრე პოლიტიკური ცხოვრების რამოდენიმე წელია. ამიტომ მე არ ვაპირებ დაპირისპირებას, მე ვაპირებ დარწმუნებას, რომ საფრთხეები არის რეალური” – თქვა დეპუტატმა.

ხუნდაძის განმარტებით, გამოჩნდებიან პარლამენტარები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებიან.

“თანამოაზრეები არიან საკმაოდ მრავლად. ერთი შემიძლია გითხრათ, იმაზე მეტი, ვიდრე ეს იყო გუშინ საღამოს…

პირველი პირობა იყო ის, რომ 2024 წელს უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, მანამდე კი შევძლებდით, რომ თვითმმართველობა იყოს ძლიერი.

მეორე პირობა 20-21 ივნისის ღამის შემდეგ, იქნა გაცემული და იყო იმგვარად ახსნილი, თითქოს, აქციები დაშოშმინდება” – თქვა დეპუტატმა და ოპოზიცია პირობის დარღვევაში დაადანაშაულა.

“ეს პირობაც დაირღვა, ვინაიდან, აქციები არ შეწყვეტილა. საწინააღმდეგოდ, კი მას საჯარო მოხელეებისა და ხელოსუფლების მიმართ დესტრუქციული ქმედებები მოყვა.

და ბოლოს, გალაშქრება პატრიარქზე და რწმენაზე, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური სპექტრი დღეს მზად არ არის” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციების შემდეგ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

 

იტვირთბა....