"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტალახის სროლისაგან" - წილკნისა და დუშეთის ეპარქია საგანგებო განცხადებას ავრცელებს - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტალახის სროლისაგან” – წილკნისა და დუშეთის ეპარქია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

წილკნისა და დუშეთის ეპარქია მიტოპოლიტ ზოსიმე შიოშვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო შეშფოთებული ვართ იმ ბრალდებისა და საშინელი ცილისწამების გამო, რომელსაც მიტროპოლიტ ზოსიმეს ეკლესიიდან დიდი ხნის წინ განდგომილი პირები უყენებენ.

დაუშვებელია ამგვარი დისკრედიტაცია პიროვნებისა, რომლის უკანაც დგას ეპარქია და მის ლოცვა-კურთხევას მინდობილი სამწყსო. დაუშვებელია მით უფრო მაშინ, როდესაც არანაირი ფაქტი არ არსებობს, გარდა გაბოროტებული „სასულიერო პირების“ ბრალდებებისა, რომელთა მთავარი მიზანიც წლების წინ მეუფე ზოსიმეს პოლიტიკაში აქტიურ ჩართულობას წარმოადგენდა.

ბრალმდებლების სიცრუეს მათ მიერ განვლილი გზაც ადასტურებს: მათ თავიანთი მომავალი არა ღვთის სიტყვის ქადაგებას, არამედ მთლიანად საქართველოს ეკლესიის ლანძღვასა და კრიტიკას დაუთმეს.

ადამიანმა, რომლის სახელითაც ზემოხსენებული „მღვდლები“ საუბრობენ, დიდი ხნის წინ ითხოვა შენდობა და მოინანია თავისი ცილისმწამებლური საქციელი. დღეს, როდესაც მსგავს ბრალდებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უყენებენ, ამ თემის ხელახლა წამოჭრა პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, რათა მრევლში შეირყეს წმინდა ფასეულობა, რომელიც ჯერ კიდევ გაგვაჩნია.

უმორჩილესად ვთხოვთ საქართველოს ეკლესიის მმართველობასა და ხელისუფლებას, მიიღონ სათანადო ზომები, რათა შეწყდეს მსგავსი ცილისწამება.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, სიფრთხილე გამოიჩინონ მსგავს საკითხებზე საუბრისას, რადგან თემა მეტად სათუთ და წმინდა ფასეულობებს ეხება.

დაუშვებელია მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რასაც ქვეყნიდან გაქცეული პირები საქართველოს ეკლესიის სიძულვილით ლაპარაკობენ, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე 31 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება. თუ მღვდელმთავარი ასეთ ცოდვაში იყო შემჩნეული, შეუძლებელი იქნებოდა მას შემდეგ ერთხელ მაინც არ დაფიქსირებულიყო მსგავსი ფაქტი. ამას ადასტურებს სამღვდელოება და ყველა ის ადამიანი, ვინც წლებია, მეუფე ზოსიმეს სიახლოვეს ტრიალებს.

წილკნისა და დუშეთის ეპარქიის სამღვდელოება და სამწყსო თანადგომას უცხადებს ჩვენს უხუცეს და ღვაწლმოსილ მღვდელმთავარს და მადლობას უხდის იმ უდიდესი საეკლესიო აღმშენებლობისა და საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის, რომელსაც წლებია, იგი ეპარქიაში დაუღალავად ეწევა.

მეუფე ზოსიმეს მიერ განვლილი გზის შედეგია ჩვენს მხარეში სულიერი ცხოვრების აღორძინება, ეკლესია-მონასტრების აღდგენა. აღსანიშნავია მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. მეუფე ავტორია უამრავი ავტობიოგრაფიული წიგნისა, სადაც მკითხველი ნათლად ხედავს მღვდელმთავრის განვლილ გზას, ყველა იმ სირთულეს, რომელიც სულიერი ცხოვრების გზაზე შეხვდა. განმარტებული აქვს ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, არის მრავალი თარგმანისა და ქადაგებათა კრებულის ავტორი. მისი ლოცვა-კურთხევით აქტიურად გამოიცემა საეკლესიო გაზეთი და ეპარქიაში მოქმედებს სამრევლო სკოლები, სადაც მრევლი სულიერ განათლებას სრულიად უსასყიდლოდ იღებს.

მეუფე ზოსიმე არის ეპარქიის დიდი მოამაგე, რომელიც ჩუმად, ყოველგვარი განცხადებების გარეშე აკეთებს თავის საქმეს და ამას, წლებია, საზოგადოება ხედავს. მის ირგვლივ არასოდეს ყოფილა მსგავსი ცილისწამება, მეუფის მოღვაწეობა თავისუფალია ყველანაირი პოლიტიკური სიმპატიებისა თუ ანტიპატიებისაგან.

35 წელზე მეტია, იგი ღირსეულად მიუყვება მღვდელმთავრის გზას და, გთხოვთ, თავი შეიკავოთ იმ ტალახის სროლისაგან, რომელიც ვერასოდეს შეურაცხყოფს მართალი ადამიანის სახელს.

ვთხოვთ მოსახლეობას: ნუ ავყვებით ბოროტის ენას და ნუ ჩავდგებით ცილისწამების უმძიმეს ცოდვაში”, – აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი “სოდომურ ცოდვაში” დაადანაშაულა.

ამავე თემაზე
იტვირთბა....