ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს ძირითადად შეუძლია, შეაკავოს ტერორიზმის ინციდენტები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია, 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე მთავარი ორგანო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, რომელმაც 2018 წელს „ისლამური სახელმწიფოსთვის“ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მხარდაჭერის შემცირებაზე განაცხადა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, სამართალში მისცა და გაასამართლა რვა ადამიანი, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის, რომელიც 2017 წელს, თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშით, სირიასა და ერაყში საქართველოს დაახლოებით 14 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც ტერორისტულ ჯგუფებს უჭერენ მხარს. კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით, არაერთი ცვლილების განხორციელებით, საქართველომ დააფუძნა მუდმივი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე. საქართველოს ძირითადად შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებს და კარგად არის აღჭურვილი და გაწვრთნილი. სამსახურის კონტრტერორიზმის დანაყოფი რეგულარულად იწვრთნება და აღიჭურვება. 2018 წელს, კონტრტერორიზმთან დაკავშირებული მანდატების მქონე უწყებებთან თავსებადობის და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საქართველომ ასევე ჩაატარა წვრთნები. 2018 წელს, კანონმდებლობის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, საქართველომ გადადგა ნაბიჯები საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. მაისში, საქართველომ თავისი ეროვნული სასაზღვრო მონაცემთა ბაზის ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში ინტეგრირება მოახდინა. 2018 წლის განმავლობაში, საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სომხეთთან და თურქეთთან სასაზღვრო ზონასთან ოთხ სასაზღვრო სექტორზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სათვალთვალო და სადამკვირვებლო სისტემები სომხეთის საზღვართან, სამ სასაზღვრო სექტორზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

იტვირთბა....