საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ცამდე მართალი იყო ზიგმუნდ ფროიდი: ბრბოს ჭეშმარიტების ძიება არ ადარდებს, მას უბრალოდ არსებობისთვის მეტნაკლებად კომფორტული ფორმატი სჭირდებაო.
დიახ, საპატრიარქოს და ეკლესიის დასასრულის დასაწყისია ეს ყველაფერი. ათწლეულების განმავლობაში ნაგროვები სიბინძურე, სიცრუე, უსამართლობა, მომხვეჭელობა, სამშობლოს და ხალხის ღალატი არ დაიმალა და ვერც დაიმალებოდა უსასრულოდ. სამწუხაროდ, ისედაც ამდენ ხანს გაგრძელდა. რაც არ უნდა იძახოს ბრმევლმა, დაე, ეკლესიამ თავის წიაღში გადაწყვიტოს მაფიოზურად ეს ყველაფერი, “მოაგვაროს” და ჩვენ ფიქრის, მსჯელობის უფლება არ გვაქვსო, ეს მაინც წყალწაღებულის და ხავსის ამბავი იქნება.
მთავარი ის არის ახლა, ამ ყველაფერს როგორ გაიაზრებს ერი. რა ჩაანაცვლებს ზემოხსენებული კომფორტის ვაკუუმს: გავაანალიზებთ მომხდარს, გავიაზრებთ აწმყოს, და გონებით, მეცნიერებით, თვითდისციპლინით, შრომითა და სწავლით გავაგრძელებთ გზას მომავლისკენ, ჭეშმარიტების და პროგრესის ძიებაში, თუ დავრჩებით ბრბოდ და ილია მეორეს კერპს ათასი ჯურის ნარიმანები და “წმინდანი, ღმერთი და მეფეები” ჩაანაცვლებენ…
დიახ, უნდა ავირჩიოთ. ავირჩიოთ უკვე მერამდენედ, წინსვლასა და განადგურებას, დეგრადაციას შორის…” – წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის თანამდებობიდან გადააყენა.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი მიტროპოლიტი დაინიშნა.