ქობულეთში მომხდარ ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც სამწუხაროდ, არასრულწლოვნები ემსხვერპლნენ, კომენტარი გააკეთა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნაირა მახარაძემ. მისი თქმით, ექვსივე მეთორმეტეკლასელი დღეს გაკვეთილებს ესწრებოდა, თუმცა მერე სად მიდიოდნენ მანქანით, მან არ იცის.
“ის გაკვეთილების შემდეგ წავიდა სახლში და მამის მანქანით წამოსულა სკოლაში. უთქვამს, მეორეკლასელ დას უნდა მივაკითხო სკოლაშიო. ბავშვი სკოლიდან არ წაუყვანია, თანაკლასელები ჩაუსვამს მანქანაში და სადღაც წასულან… არც ერთი არ არის ჯერ გონზე მოსული, რომ დაველაპარაკო,“ – აცხადებს “ნეტგაზეთთან” სოფელ ქობულეთის სკოლის დირექტორი, ნაირა მახარაძე.
ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავტომანქანა ხეს დაეჯახა, რომელშიც რამდენიმე მეთორმეტეკლასელი იჯდა. დაზარალებულთა შორის, ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ავარიის შედეგად ის არასრულწლოვნები დაიღუპნენ, რომლებიც მძღოლის მხარეს არ ისხდნენ.