ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქი მცხეთაშია, ის გუშინ გადადგომას აპირებდა” – TV პირველის წყარო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ, 28 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგომას და პატრიარქობის დათმობას აპირებდა. აღნიშნულ ინფორმაციას სანდო წყაროზე დაყრდნობით “ტვ. პირველი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, იმისთვის, რომ უწმინდესს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებინა, გავლენიანმა ჯგუფებმა ილია მეორე დედაქალაქიდან განარიდეს.

პატრიარქის შესაძლო გადადგომის საკითხზე სოციალურ ქსელში წერს “ქრონიკა+”-ის რედაქტორი ელისო კილაძეც.

“კათალიკოს პატრიარქი მცხეთაში ჰყავთ უცხო თვალს და ჟურნალისტებს მოარიდეს ! ამ წუთებში მას “სტუმრები ” ჰყავს – გადადგომას აიძულებენ!” – წერს კილაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

პატრიარქი ახლა მცხეთაში, ჯვრის სამონასტრო კომპლექსში იმყოფება.

“ტვ.პირველი” ასევე ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ავტომანქანა, რომლითაც ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი გადაადგილდება, ახლა ჯვრის სამონასტრო კომპლექსშია.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქის მიერ დედაქალაქის დატოვებას წინ უძღოდა მისი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის გადადგომა.

უფრო ადრე კი, ბოდბელმა ეპისკოპოსმა “ტვ. პირველის” ეთერში სკანდალური განცხადებები გააკეთა.

 

იტვირთბა....