„ბიზნესის კეთების“ რეიტინგში საქართველომ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მინისტრის შეფასებით, ეს საქართველოსთვის ისტორიულად მაღალი ქულაა.
„საქართველო კვლავაც რჩება 2020 წლის განმავლობაში რეგიონულ ლიდერად. ევროპისა და ცენტრალური აზიის 23 ქვეყანას შორის საქართველო ამ რეიტინგის მიხედვით არის კვლავაც პირველ ადგილზე. აღნიშნული რეიტინგი შედგება 10 სხვადასხვა ინდიკატორისგან, საიდანაც რვა ინდიკატორში გვაქვს სერიოზული გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეიტინგის მიხედვით საქართველომ კვლავაც მიაღწია პროგრესს და გააუმჯობესა ქულა. რაც შეეხება ადგილს, საქართველო მეშვიდე ადგილზე გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქულა არის გაუმჯობესებული. აქ უნდა ითქვას, რომ აშშ-მ გაგვასწრო ერთი ადგილით. ასე რომ, დღესდღეობით კონკურენციაში ვართ – ვინ არის უფრო გახსნილი და თავისუფალი, აშშ თუ საქართველო. ერთი ადგილით გვისწრებს აშშ, მაგრამ ჩვენი ქულა არის გაუმჯობესებული და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს“, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. აღნიშნულ კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს.