ბიზნესის კეთების სიმარტივის (Doing Business) 2020 წლის რეიტინგში საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილს იკავებს. აღნიშნულ კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. წინა წლის ანალოგიურ რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებდა.
რეიტინგის შედგენა 10 ინდიკატორის მიხედვით ხდება. აქედან საქართველოს ხუთ ინდიკატორში ქულების მატება აქვს, ხუთი ინდიკატორის ქულა კი უცვლელი დარჩა. ქვეყანა შეფასებულია 83.7 ქულით, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 ქულით მეტია.
საუკეთესო მაჩვენებელი საქართველოს ბიზნესის დაწყების სიმარტივის კუთხით აქვს. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ ახალი ზელანდია უსწრებს, ხოლო მეხუთე ადგილზეა საკუთრების რეგისტრაციის ინდიკატორით. მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვის მხრივ საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს.
ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში პირველ ადგილზე ახალი ზელანდიაა. მას მოჰყვებიან სინგაპური, ჰონგ კონგი, დანია, სამხრეთ კორეა და აშშ.
საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში სომხეთი 47-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 34-ეზე, თურქეთი 33-ეზე, რუსეთი – 28-ეზე.