ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის” – ხათუნა ლაგაზიძე

“ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის”, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თურქეთ-აშშ-ს შორის გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, დონალდ ტრამპის განცხადებას, თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლო მზაობასთან დაკავშირებით.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას, ასეთ პირობებში, იმისთვის, რომ საქართველომ იარსებოს როგორც სახელმწიფომ, მართებს გამჭრიახი პოლიტიკა, რომელიც ლაგაზიძის აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე ბალანსსა და დუმილს გულისხმობს.

მისივე თქმით, აღნიშნულის პარალელურად, ქვეყნის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს განხილვა საკითხების, თუ რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და სად დადგება საქართველო.

“ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი თუნდაც სიტყვიერ დონეზე აცხადებს, რომ ის არ გამორიცხავს, თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალით მოქმედებას, ეს არის გეოპოლიტიკური კატასტროფა საქართველოსთვის. ამ პირობებში ძალიან გამჭრიახი პოლიტიკა მართებს საქართველოს იმისთვის, რომ უბრალოდ იარსებოს როგორც სახელმწიფომ. ამიტომაც, ამ გამოწვევების წინაშე მარტო დარჩენა არის ყველაზე დიდი შეცდომა თუ დანაშაული, რაც საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება ჩაიდინოს. მე არც იმას ვგულისხმობ, რომ თურქეთს მიემხროს, ან მათ მიმართ ღიად აგრესიის მხარდამჭერი პოლიტიკა გაატაროს. ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო არენაზე და თუ სიჩუმე შეიძლება იყოს ოქრო, სწორედ ამ სიტუაციაში იქნება. სიჩუმეში ვგულისხმობ განცხადებებს საერთაშორისო დონეზე. თუმცა ქვეყნის შიგნით, პოლიტიკურ სპექტრში ძალიან სერიოზული პროცესები უნდა მიმდინარეობდეს იმის გასახილველად, თუ რას ვშვებით იმ შემთხვევაში, თუ თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდება. სად დგება საქართველო, როგორ იგერიებს გარდაუვალ საფრთხეს, ვინ არის ამ შემთხვევაში მისი პარტნიორი, რჩება თუ არა საქართველოს პარტნიორების არჩევის ფუფუნება, რა სცენარების ალბათობა რჩება. ამ თემებზე უნდა მუშაობდეს დღეს ქვეყანა”, – განუცხადა “მეტრონომს” ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას 5 დღით შეწყვეტს.

შეთანხმების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, აშშ მზად იქნება, თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სირიის საკითხთან დაკავშირებით , თურქეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა.

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....