ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში უკვე 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს

დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 11 000-ს აღწევს, ხოლო მუნიციპალიტეტიდან გაცემულია 9000-მდე ტაქსის მანათობელი ნიშანი.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასთან და მეტროს რეაბილიტაციასთან ერთად, სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა. დღეს, ქალაქში მოძრაობს 11 000-მდე ტაქსი. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები, 2000-მდე იყო, თუმცა მათი რაოდენობა გაიზარდა და გასულ კვირას უკვე 8000-მდე ტაქსი ემსახურებოდა მოსახლეობას. ყოველდღიურად იმატებს ტაქსების რიცხვი და ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოს ამ რეფორმაში. პირველ რიგში, მწყობრში მოიყვანოს თავისი ავტომობილი, რადგან რეგისტრირებული ტაქსების დაახლოებით 30 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. ასეთი ტაქსების გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის. თუ მძღოლები მოაწესრიგებენ ავტომობილებს იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეისყიდის ტაქსის მანათობელ ნიშნებს.

„დღისათვის, 9000-მდე მანათობელი არის გაცემული. ვფიქრობ, ძალიან ლამაზია და მოუხდა ქალაქს. მგზავრებსაც მარტივად შეუძლიათ განასხვავონ დაკავებული და თავისუფალი ტაქსი. თუ გაიზრდება A კატეგორიის ტაქსების რიცხვი, დამატებით შევისყიდით მანათობლებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....