თუ პარლამენტში მიგვიწვევენ, მივიდეთ, პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებში არ შედის – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.
ის მზად არის მიიღოს მოწვევა და პასუხი გაცეს ყველა კითხვას.
„მზად ვართ მივიღოთ მოწვევა, გავაკეთოთ მოხსენება პროექტის შესახებ და კითხვებს გავცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს მოხდეს სამინისტროსთან ერთად. პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, გვსურს საქმიანი საუბარი და ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ თუ პარლამენტში მიგვიწვევენ, მივიდეთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მაია ცქიტიშვილმაც და განაცხადა, რომ პარლამენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საკითხების განხილვას არ აპირებს.