ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ზედმეტად დაგვიანდა.
მისი განცხადებით მთავრობა მზადაა პროექტთან დაკავშირებით ღია დიალოგებისთვის.
„ჩვენ ყოველთვის ღია ვართ ყველა დისკუსიისთვის ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. თვითონ პროექტი არაა მარტივი. კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტები მომზადებისთვის ხანგრძლივ დროს მოითხოვს. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ზედმეტად დაგვიანდა. ამ პროექტს არა მხოლოდ საქართველო, მთელი დერეფანი ელოდება, რაც აღინიშნა დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე. მოველით, რომ ინვესტორი კომპანია მეტად კონცენტრირდება ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე აქცენტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანაზე. ჩვენ კონსორციუმს კიდევ ერთი შანსი მივეცით და არც თუ ისე დიდი დრო დარჩათ მათ ვალდებულებების შესასრულებლად. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან დავძრავთ ამ პროექტს”, – აღნიშნა თურნავამ.