საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.
გიორგი გახარიამ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე, დავით გარეჯთან დაკავშირებით”ღია საუბარი” გაიმართა,
„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს და რა თქმა უნდა, სრულად შემიძლია, ამას დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს.
სწორედ ამ საფუძველსა და ამ ფუნდამენტზე გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.