“მე არ მეშინია”, – აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ილია ჯიშკარიანი მის გაუპატიურებას ცდილობდა.
თოდაძე, რომლის ინფორმაციითაც, ილია ჯიშკარიანის შვილი და რძალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაღალ თანამდებობებზე იმყოფებიან, დარწმუნებულია, რომ აღნიშნულის მიუხედავად, საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს.
“სახალხო დამცველის აპარატსაც მივმართე თხოვნით, რომ გამოძიებულ იყოს ჩემი საქმე ღიად, ისე, რომ არ იყოს გათვალისწინებული მისი თანამდებობა და მისი შვილის თანამდებობა. ბექა ჯიშკარიანი [ილია ჯიშკარიანის შვილი] და მისი მეუღლე, მე დაზუსტებით ვიცი, რომ არიან სერიოზულ თანამდებობებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ჩემთვის ის ფაქტორი, რომ რადგან ყველაგან არის ნაცნობობა, გავლენა, ზუსტად აქედან გადავწყვიტე ამ ყველაფრის გასაჯაროვება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო,” – უთხრა “ტვ. პირველს” თამთა თოდაძემ, რომელმაც თავად შემთხვევის დეტალებზეც ღიად ისაუბრა.
გამოძიების დასრულებამდე, “ქართული ოცნებიდან” თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით, დღეს დედაქალაქის საკრებულოსთან აქცია გაიმართა.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.