ახალი ამბები მთავარი სამართალი

წულუკიანი – სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლს და მაჟორიტარს ექნებათ საშუალება, თავიანთი არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე

“ვისურვებდი, რომ ეს ინფორმაციები არ დადასტურდეს”, – ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ისნის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “იმდენად კონკრეტული და ფაქტებით და თარიღებით დასაბუთებული ინფორმაცია იყო, რომ გამომძიებელს მოუწევს ძალიან სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება”.

„თუ ინფორმაციის გამავრცელებელ ქალს აქამდე არ მიუმართვს პროკურატურისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გუშინ, როდესაც მან საჯაროდ გამოაქვეყნა ცნობები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.

სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლს და მაჟორიტარს ექნებათ საშუალება, თავიანთი არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე ამტკიცებს, რომ თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ილია ჯიშკარიანი მის გაუპატიურებას ცდილობდა. თოდაძის თქმით, შემთხვევა ისნის მაჟორიტარის კაბინეტში მოხდა.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

იტვირთბა....