პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა უნდა გაამკაცროს.
კაკულია ამბობს, რომ არსებობს ზოგადი პრობლემა, რომელიც ინვესტიციებს, სავაჭრო ბალანსს უკავშირდება.
„ერთ-ერთი გამოწვევა ჩვენი ყოველთვის იყო ეს, ინვესტიციების გარკვეული შეფერხება, რადგან არ გვაქვს მყარად ჩამოყალიბებული გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიის შემქმნელი საგარეო მოცემულობა. ეს არის მთავარი ფაქტორი“, – აცხადებს კაკულია, რომელიც ასევე ამბობს, რომ გასათვალისწინებელია მიმდინარე მოვლენები, მათ შორის მეზობელი ქვეყნების ფაქტორი, ასევე გადმორიცხვები და ექსპორტი.
„ეს არის მიმდინარე ფაქტორი, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაარკვიოს არჩევნების დროს, ჩვენს მიერ შეთავაზებული პოლიტიკა ჯობდა თუ პოლიტიკა, რომელიც ამბობს, რომ გააუქმეთ გადასახადები, მოსპეთ ყველანაირი რეგულაციები და ამ საგარეო მოცემულობის ფონზეც აყვავდება ეკონომიკა. ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება საკითხს, რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაამკაცროს კვლავ ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკა, მივესალმები, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს, თუ საჭირო იქნება, კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს ეს ჩარევა. ვფიქრობ, უმჯობესია, ახლა ვიფიქროთ ახლა ლარის დასტაბილურებაზე, თუმცა ამის ფასი, შესაძლებელია, იყოს გარკვეული წნეხი ბიზნესზე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს დასტაბილურება ამ ნაკლოვანებებს გამოასწორებს… ვფიქრობ, ლარის სტაბილიზაცია მოსალოდნელია ეროვნული ბანკის ჩარევების გამო, ასევე ტურისტული სეზონი ჩვენთან თითქმის სტაბილურია სხვადასხვა სეზონშიც და ვფიქრობ არ უნდა გაიზარდოს. სამი ძალიან რთული ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე ციფრია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამს არ გასცდეს ლარი. ეს ძალიან რთული, ფსიქოლოგიური ბარიერია და ამ ეტაპზე, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი ეროვნული ბანკისთვის“, – განაცხადა რომან კაკულიამ.