„ნათია თურნავას კი არ უნდა აგზავნიდეს პრემიერი გახარია ტყიბულში პრობლემების მოსაგვარებლად, თავად უნდა ჩავიდეს ადგილზე, რადგან საქმე ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და შესაძლოა, უკვე სიცოცხლესაც კი ეხება”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, ნათია თურნავა იყო იმ პროცესების მონაწილე, რომლის მეშვეობითაც ჯერ “თბილსრესი” გაკოტრდა, შემდეგ კი შპს „ საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აუქციონის წესით გადაიცა.
“რა პრობლემებს მოაგვარებს მინისტრი თურნავა, რომელიც თავად იყო იმ პროცესების მონაწილე, რომლის მეშვეობითაც მოხდა ჯერ „თბილსრესის“ „გაკოტრება“ და შემდეგ შპს „ საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ აუქციონის წესით გადაცემა, რომლის გენერალური დირექტორიც 2010-2012 წლებში სწორედ თურნავა იყო. ( არავისთვის უცნობი არ არის, რომ სს „თბილსრესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნათია თურნავა, ამასთან საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია, არის შპს „ ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, რომლის დირექტორიც წლების განმავლობაში ყოფილი პრემიერი ბახტაძე იყო. ) აქვე, ცნობისთვის, ქონება დაახლოებით 200 000 000 ლარად იყო შეფასებული, „საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ“ კი მხოლოდ შვიდ მილიონ ლარად იყიდა, ანუ გადაიხადა იმდენი, რამდენიც დაფარა ჯართის რეალიზაციიდან ამოღებულმა თანხამ და იმ მიწის ფართობების ღირებულებამ რომლებიც არ ემსახურებოდა ენერგო საქმიანობას. სამეურვეო ქონების გადაცემის შემდგომ, კორპორაციას შესასრულებლად განესაზღვრა ვალდებულება, არაუგვიანეს 2013 წლის 31 დეკემბრამდე. სს „თბილსრესის“ ტერიტორიაზე აეშენებინა 100-150 მგვტ. სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგური, რაც დღემდე არ განხორციელებულა.
ამასთან, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე, რამდენიმე დღეში, ფორსირებულ რეჟიმში მოხდა საგადასახადო შეთანხმების მოთხოვნის წარდგენა და 2012 წლის 11 ოქტომბერს შეთანხმების გაფორმება შპს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციასთან და შპს „ ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფთან 100-100 ათას ლარზე 2006-2012 წლების საანგარიშო პერიოდზე! (მაშინ როდესაც სხვა ფირმები თვეობით და წლობით ელოდებოდნენ საკითხის განხილვას) აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მოთხოვნაში არ დაფიქსირებულა რა შეუსრულებელი ვალდებულების თანხაზე ითხოვდნენ შეღავათს, არ მომხდარა ვალდებულების განსაზღვრა, დარიცხვა, ან დამალული გადასახადის ოდენობის მითითება. ამ შეთანხმებით სახელმწიფოს რეალური მდგომარეობის შესწავლისა და სავარაუდო დამნაშავე პირების გამოვლენის შესაძლებლობა განზრახ მოუსპეს.
და, რაც ასევე უმთავრესია, ქ. თბილისის პროკურატურაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელების მიერ საზოგადოების სახელითა და მის სასარგებლოდ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) ფაქტზე.
2013 წელს ძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში. საქმე ფაქტიურად გამოძიებულია, მაგრამ მსვლელობა რატომღაც აღარ მიეცა.
და მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურნავა მაინც დაინიშნა მინისტრად. მათი ერთობლივი საქმეების თანამონაწილე ბახტაძე კი, საერთოდ ქვეყნის პრემიერ- მინისტრი გახდა”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ სწორედ აღნიშნულით დაზარალდნენ ტყიბულელი მეშახტეები.
“აი, ამ ყველაფრით დაზარალდა საბოლოო ჯამში ტყიბული და მეშახტეები. რადგან ტყიბულის ნახშირის წარმოება პირდაპირ კავშირში უნდა ყოფილიყო სწორედ „თბილსრესის“ მუშაობასთან.
ადგილობრივ მოსახლეობას კი, გარდა იმისა, რომ საარსებო მინიმუმიც აღარ გააჩნია, „საქნახშირი“ და „ინდუსტრიული ჯგუფი“ არათუ მეშახტეების ელემენტარულ შრომით სტანდარტებს უზრუნველყოფს, ადამიანების უსაფრთხოებაა დღემდე დაუცველი.
ქალაქი კი, ყოველდღე იცლება მოსახლეობისგან და ათეულობით ტყიბულელი მეშახტე დღეს პოლეონეთში და ჩეხეთში მუშაობს, იქაურ მაღაროებში”, – განმარტავს დავით ჭიჭინაძე.