“თუ „ქართული ოცნება” მხარს ამ კანდიდატებს დაუჭერს, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება”, – აღნიშნული განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, “ქართული ოცნება ამ ყველაფერში დიდ ფასს იხდის”.
„მათთვის ძალიან მძიმე პროცესი მიმდინარეობს. ეტყობათ, რომ მოუმზადებლები არიან, როგორც პროფესიული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხს არ სცემენ და ცდილობენ, რეალურ კითხვებს გაეცალონ. ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც „ქართული ოცნების“ მთავარ ხაზს აცდენილია…
ამ ადამიანებისთვის იმდენად უხერხული განხილვა მიმდინარეობს, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღება უნდა გაუჭირდეს გეწაძის, ალანიასა და გაბინაშვილის მიმართ. ყველა იმ მოსამართლის მიმართ, ვინც ადეიშვილისა და მერაბიშვილის მოსამართლე იყო. მათთვის ყოველი დღე მტანჯველი იქნება, ძალიან მსიამოვნებს, რომ ყოველ დღე იტანჯებიან მოსმენების დროს. ძალიან სერიოზული ზიანი ადგება სასამართლოში მათი ძალაუფლების კონცენტრაციას. ვისურვებდი, მოსამართლეები აჯანყდნენ “კლანის” წინააღმდეგ და ეს ადამიანები სასამართლო სისტემიდან განდევნონ. “ქართული ოცნება” ამ ყველაფერში დიდ ფასს იხდის. წარმოუდგენელია, გაბიტაშვილ-ალანიას მხარი დაუჭირო, როცა ისინი ამბობენ, რომ თავისუფლები იყვნენ. ვინ იტყუება, გაბინაშვილი თუ ივანიშვილი? თუ გაბინაშვილია მართალი, ალბათ, 2020 წელს ივანიშვილი არჩევნებს ვეღარ მოიგებს. არ მგონია, ეს ადამიანები გაბინაშვილს გადაყვნენ“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.