სამოქალაქო აქტივისტი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ტყიბულში მეშახტეების გაფიცვას ეხმაურება.
“ყველაზე რთულია, როდესაც აბსოლუტურ გაურკვევლობაში ცხოვრობ; როდესაც წარმოდგენაც არ გაქვს ხვალ რა იქნება; როდესაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია ყოფის შესაცვლელად.
ტყიბული ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალაქია. მან არ იცის, თუ რა ელის ხვალ.
მთელი ქალაქი შახტის მუშაობაზეა დამოკიდებული. შახტა თუ გაჩერდა მთელი რაიონი უხელფასოდ რჩება, შიმშილი და კიდევ უფრო დიდი სიდუხჭირე დაისადგურებს, მაღაზიებს მყიდველი აღარ ეყოლებათ, ბანკები ორმაგ და ათმაგ საურავებს დააკისრებენ წელში გატეხილ ადამიანებს.
შახტა თუ ამუშავდა, მუშებს უსაფრთხოების გარანტიებს ვერავინ აძლევს.
მაშასადამე, მარჯვნივ წახვალ უხელფასობით ამოგწყდება სული, მარცხნივ წახვალ და შახტაში შეიძლება დაგმარხოს მადანმა.
და როგორია ამ დროს სახელმწიფოს პასუხი ?
ბაზარი დაარეგულირებს!
სოლიდარობა შახტებში ხელფასისთვის გამოკეტილ ტყობულელებსა და მათ ოჯახებს!”, – წერს ლორთქიფანიძე.
შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, დღეს დილიდან ტყიბულში პროტესტი განახლდა – 15-მდე მეშახტე მინდელის, ხოლო ამდენივე ძიძიგურის სახელობის შახტში ჩავიდა და უარს ამბობს ამოსვლაზე მანამ, სანამ მიმდინარე ხელფასებსა და ნახშირმოპოვების პროცესის აღდგენის პერსპექტივებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ მიიღებენ.
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეომიმართვები, სადაც ტყიბულელ მეშახტეებს ზესტაფონელი მეტალურგები, ჭიათურელი მაღაროელები და ქსნის მინის ტარის ქარხნის მუშები უცხადებენ სოლიდარობას.