“მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 11 იანვარს დაითხოვა შეწყალების კომისია, დღემდე რატომ არ არის ახალი კომისია დაკომპლექტებული? შეწყალების კომისია არის სარეკომენდაციო ორგანო, რომელიც ძალიან დიდ საქმეს ეწევა და დებულება, რომლის გაადამიანურებაშიც სისხლი ჩავანთხიეთ, რადგან დაგვხვდა გულისამრევი დებულება სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწერილი, კორუფციული ხვრელები იყო, ხვრელები ამოვავსეთ, გასაგები გავხადეთ, კრიტერიუმები ჩამოვაყალიბეთ… შეწყალების კომისია რომ ფუნქციონირებდეს და იმ კრიტერიუმებით მომხდარიყო დახარისხება, ვერც პირველი შემთხვევა მოხდებოდა და ვერც ახლანდელი, რადგან მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, როცა 5 წელზე მეტია მისჯილი, სასჯელის ნახევარი უნდა გავიდეს, რომ განიხილოს შეწყალების კომისიამ”.
ალექსანდრე ელისაშვილი, “სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი
TV პირველის ეთერი
Imedinews-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილისა და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.
ასლან ბეჟანიძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხა” გაავრცელა.
ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული მათ შორის ბეჟანიძეც შეიწყალა.