ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კალაძე – როგორც მოსახლეობას შევპირდით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც ასფალტის პირველი ფენის დაგების შემდეგ, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ასფალტის საფარის დაგების შემდეგ, დღეს, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ტერიტორია დაასუფთავა და გზა მორეცხა.

თბილისის მერის თქმით, ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა, დაპირებისამებრ, დათქმულ ვადაშია აღდგენილი.

„16 სექტემბერს, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული და მოსახლეობას დავპირდით, ჭავჭავაძის გამზირზე – ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, საავტომობილო მოძრაობა აღდგა. აქ გზის საფარი ქვედა ფენა დაგებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სამუშაოები დასრულებულია. სამუშაოები გრძელდება და დღეს დაიწყება ბორდიურის მოწყობა. პარალელურად, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. გზის საფუძველი მზადდება იმისთვის, რომ ახალი ტროტუარი მოეწყოს. ასევე, რეაბილიტირებულ ტერიტორიაზე დამონტაჟდება LED განათების სისტემა. რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ მეორე ეტაპის სამუშაოებს, ის „პიქსელის“ შენობიდან რიგის ქუჩამდე გრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მუშაობა დაასრულა „თბილისი ენერჯიმ“, ხოლო „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს კვირის ბოლოს დაასრულებს და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყება. ჩვენ მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას ამ კონკრეტულ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვარაზის ხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით აღდგა. ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გადის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთის ან ერისთავის ქუჩებიდან უკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან უხვევს.

ნაწილობრივ შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან უხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი – მელიქიშვილის ქუჩას უკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გადიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე ხვდებიან.

შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე უხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან უკავშირდება.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მუსხელიშვილი, ასევე, საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....