ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხაზარაძის განცხადება სიცრუე და ჭორაობაა” – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭორაობას უწოდებს მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მოქალაქის ინტერესი, ყოველთვის დაცული იქნება.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ვისმენთ ჭორაობას. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი პროექტის განხორციელება, როგორიც ანაკლიის პროექტია. ჩვენ ვიცით, რომ არის კერძო ინვესტიცია, მაგრამ კერძო ინვესტიციას თუ უნდა რომ ფარად გამოიყენოს ეს კონკრეტული პროექტი, არ გამოვა, რადგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს ხარჯით და სახელმწიფოს გარანტიებით განახორციელოს. მაშინ მე, თქვენ, თითოეულ ადამიანს ზოგადად, შეუძლია მსგავსი მიდგომებით, თუ იქნება სახელმწიფო გარანტიები, განახორციელონ ნებისმიერი პროექტი – არა მხოლოდ ანაკლიის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს. ამიტომ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ყოველთვის იქნება დაცული. თუ ამ პროექტის განხორციელების რესურსი მათ გაჩნიათ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა იქნება”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკაში ახალი სახეების მოსვლას მიესალმება, თუმცა საჭიროა, ახალმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჭორაობის ნაცვლად, საქმეზე და უკეთესის კეთებაზე ისაუბრონ.

„ზოგადად, მივესალმები პოლიტიკაში ახალ სახეებს. ხალხსაც რომ გამოვკითხოთ, ჰკითხოთ ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ყველა დაიღალა ერთი და იგივე პოლიტიკური სახეებით. საჭიროა სიახლე, ახალი ენერგია, ახალი სისხლი. ჩვენ ვხედავთ, რომ შემოდიან ადამიანები პოლიტიკაში, თუნდაც, ბატონი ხაზარაძის სახით, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიტრიალოთ ისევ ერთი და იგივე წრეზე – სიცრუით, ჭორაობით, რასაც ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში. თუ მათ სურთ პოლიტიკაში შემოსვლა, მოდით, ვისაუბროთ საქმეზე – რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა გაკეთდეს, რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რა უნდა გამოსწორდეს. ამას ვისურვებდი მე, ასეთი პოლიტიკური პარტიების ყოფნას”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო.

იტვირთბა....